Rima YLWC

May 16, 2015, 03:54 PM

წიგნი ხომ სიყვარულია, გავიზიაროთ ერთმანეთს! როდესაც წიგნებზე ვიწყებ ლაპარაკს თვალწინ ყოველთვის წარმომიდგება მრავალფეროვანი სამყარო, რომელიც დაუვიწყარი თავგადასავლებით არის სავსე და გული მტკივა რომ ყველას არ აქვს შესაძლებლობა ან ხალისი წიგნის მშვენიერ ფურცლებში იმოგზაუროს. წიგნის სიყვარული ჩემმა მშობლებმა მასწავლეს. მახსოვს სულ ერთი ციცქნა ვიყავი როდესაც წიგნებს მიკითხავდნენ, ისიც მახსოვს ზეპირად ვიცოდი რომელ ფურცელზე რა ეწერა და რომელი წიგნი რის შესახებ იყო. არასოდეს დამავიწყდება დედას გაოცებული სახე როდესაც თითს ზუსტად ვაყოლებდი წაკითხულ სიტყვებს. მისთვის ეს გაოცება და სიამაყე იყო, ჩემთვის კი საშუალება რომ ზღაპრის შინაარსი უფრო ღრმად შემეგრძნო და ფანტაზიებით თავი ადვილად წარმომედგინა გმირად. ყოველი ახალი წიგნი ჩემთვის ახალი ემოციები, ახალი განცდებია. სრულიად ვეთანხმები გურამ დოჩანაშვილს მართლაც, წიგნის პირველად წაკითხვაზე ბედნიერება არ არსებობს და ჩემი დიდი სურვილია რომ ყველას შეეძლოს ამ ბედნიერების განცდა. გული მტკივა როდესაც დღევანდელი ახალგაზრდების უმეტესობისთვის წიგნი ნაკლებად მნიშვნელოვანია და მათ არ აქვთ მოტივაცია იმეგობრონ წიგნებთან. წიგნი ერთადერთი საშუალებაა იმოგზაურო სხვა დროსა თუ სივრცეში. ყველა წიგნი ჩვენში რაღაცას ტოვებს, შეიძლება ღირებულებებს, შთაბეჭდილებებს ან უბრალოდ გვეხმარება პიროვნულ ჩამოყალიბებაში. მაგრამ ფაქტია რომ წაკითხული წიგნი, კარგი თუ ცუდი, უკვალოდ არ ქრება. წიგნი ყველაზე დიდი სიყვარულია, რომელიც ერთმანეთს შეგვიძლია გავუზიაროთ. როდესაც წიგნს ვკითხულობ ყოველთვის ვფიქრობ ბავშვებზე რომლებიც რეგიონში ცხოვრობენ და არ აქვთ შესაძლებლობა წიგნის კითხვის. მათი უმეტესობისთვის წიგნი ხელმიუწვდომელი ფუფუნების საგანია. მინდა რაც შეიძლება ბევრი პროექტი გავაკეთო რადგან ეს ფუფუნების საგანი მათთვის ხელმისაწვდომი გახდეს და შემდგომ წიგნის სიყვარული ერთმანეთს გაუზიარონ.